ბერლინის კედლის დანგრევამ, რასაც გერმანიის გაერთიანება მოჰყვა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა კონტროლიდან გათავისუფლებამ, აგრეთვე, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამ და მნიშვნელოვანმა დემოკრატიულმა პროცესებმა ევროპის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა განაპირობა.
1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა. მაასტრიხტის ხელშეკრულებით, შესწორდა და ერთ პოლიტიკურ დოკუმენტში გაერთიანდა ყველა მანამდე არსებული - პარიზის (1950წ.) და რომის (1957წ.) ხელშეკრულებები და ერთიანი ევროპული აქტი (1986წ.).
მაასტრიხტის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად სვეტს: პირველსვეტში გაერთიანდა ევროპის არსებული გაერთიანებები (ევროპის გაერთიანება, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება). მეორე სვეტში შევიდა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, ხოლო მესამე სვეტში - თანამშრომლობა მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში.
პირველ სვეტში შემავალ საკითხებად განისაზღვრა: საბაჟო კავშირი, საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, ერთიანი ბაზარი, სავაჭრო პოლიტიკა. ამ სვეტს ამსტერდამის ხელშეკრულებით, შემდგომში სხვა საკითხებიც დაემატა;
მეორე სვეტი შემდგომ საკითხებს არეგულირებდა: თანამშრომლობა საერთო საგარეო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, სამშვიდობო მისიები, დახმარება არაწევრი ქვეყნებისათვის, ევროპის უსაფრთხოების, განიარაღებისა და თავდაცვის დაფინანსების საკითხი;
მესამე სვეტში შემავალი საკითხები იყო: წევრი ქვეყნების პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო სისხლის სამართლის საკითხებში, საპოლიციო თანამშრომლობა, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.
ხელშეკრულების თანახმად, პირველ სვეტში საკითხები გადაწყდებოდა ზეეროვნულ (ანუ ევროპულ) დონეზე, ხმათა უმრავლესობით, სადაც გადამწყვეტი როლი დაეკისრა ევროკომისიას და ევროპარლამენტს, საბჭოსთან ერთად. დანარჩენ ორ სვეტში წამყვანი როლი მიენიჭა საბჭოს და გადაწყვეტილებები მიიღებოდა ეროვნულ დონეზე, წევრი ქვეყნის ხელმძღვანელებისა და მინისტრების მიერ. აქ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. მეორე და მესამე სვეტის საკითხებში, ანუ საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის, ასევე მართლმსაჯულებისა და შინაგან სამქეებში, კომისია და პარლამენტი ვერ ჩაერეოდნენ.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფოებს არ სურდათ, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები - ქვეყნების უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, საშიანაო საქმეები და იუსტიციის საქმეები მიენდოთ კომისიისა და პარლამენტისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანოების მოვალეობას წარმოადგენდა საერთო ევროპული ინტერესების მიხედვით მოქმედება და არა ეროვნული ინტერესების დაცვა, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ვერ შეძლებდნენ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, მოეხდინათ ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე.
მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, გაიზარდა ევროპარლამენტის ძალაუფლება, კერძოდ - თანაგადაწყვეტილების პროცედურის შემოღებით, ევროპარლამენტს მიენიჭა თანაბარი უფლება, საბჭოსთან ერთად მიეღო მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესის გარკვეულ სფეროებში. კომისიის მთლიანი შემადგენლობის დამტკიცებისთვის აუცილებელი გახდა ევროპარლამენტის თანხმობა. ევროპარლამენტთან შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც მიეცა უფლება, შეემოწმებინა ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტები.
მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, გადაწყდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა, რომლის განხორციელებაც უნდა მომხდარიყო ეკონომიკური პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაციისა და ერთიანი სავალუტო ერთეულის - ევროს შემოღების გზით. ამ მიზნით შიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკი. გადაწყდა ევროპის მოქალაქეობის შემოღებაც. მაასტრიხტის ხელშეკრულებაში ასევე იყო საუბარი ერთიანი სოციალური პოლიტიკის შექმნის შესახებ, თუმცა ეს თავი საბოლოოდ ამოიღეს, რადგან სოციალური პოლიტიკა, ისევე როგორც საგარეო და დაბეგრვის პოლიტიკა, წევრმა სახელმწიფოებმა ქვეყნის საშიანო საქმეებად მიიჩნიეს. მაასტრიხტის ხელშეკრულება 1993 წელს შევიდა ძალაში.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ