ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე გამოაცხადებს მიღებას.
საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება. 2020-2021 სასწავლო წლისთვის თსუ მიღებას გამოაცხადებს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებული და ქიმია ACS სერტიფიცირებული პროგრამებზე. პროგრამები დღეს თსუ-მ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) ერთობლივად წარადგინეს.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფესორი ჰალილ გუვენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"ეს პროგრამები პირველი მერცხალია, მათგან ორმა აკრედიტაცია მიიღო, რაც აგვისტოში ფორმალურად დადასტურდება. მომავალ სასწავლო წელს მიღება გამოცხადდება ABET აკრედიტებულ პროგრამებზე, რაც ნიშნავს, რომ დიპლომი იქნება საერთაშორისო წონის მქონე", - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
მისივე თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტთან შეთანხმება ხდება აკრედიტებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთდროულად თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემაზე.
ამასთან, უკვე აშშ ქიმიკოსთა ასოციაციასთან ქიმიის პროგრამის სერტიფიცირების საკითხი წყდება.
"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა რეგიონში. ყველას ვულოცავ, ძალიან ხანგრძლივი, 5 წლიანი პროცესი შევძელით და 3 წელში გავიარეთ, აღიარებამაც არ დააგვიანა",- აღნიშნავს თსუ რექტორი.
აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - მოიცავს $34 მლნ ბიუჯეტის უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების დანერგვა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.
შედეგად, 2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს.