ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
"2019 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი, დაბადებული 1961 წლის 26 ივლისს, მცხოვრები თბილისში, დაკავებულ იქნა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან.
ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმმა.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბრის დილით თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ქართულ დასახლება საკორინთლოში, რის შემდეგაც მან უკანონოდ გადალახა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაჟა გაფრინდაშვილს დაენიშნა სახელმწიფო ადვოკატი", - ნათქვამია ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, გახშირებულია "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის შემთხვევები, რაც "სოფელ წნელისთან განთავსებული ქართული პოლიციის განთავსებასთან არის დაკავშირებული".
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი; 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები რამაზ ზადიშვილი;
1977 წელს დაბადებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები დავით მიშელაშვილი და 1956 წელს დაბადებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მცხოვრები ზურაბ ტუხიაშვილი.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გუშინ, 17 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობოს ინტეგრაციის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპროტესტო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს.
18 ნოემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში მოინახულა.