წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
"დღეს, 2019 წლის 18 ნოემბერს, დღის 14.00 საათზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) ცხინვალის ციხეში მოინახულა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს დაუკავშირდა 14 ნოემბერს. მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა.
წჯსკ დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ბ-ნ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა ბ-ნი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი; 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები რამაზ ზადიშვილი;
1977 წელს დაბადებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები დავით მიშელაშვილი და 1956 წელს დაბადებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მცხოვრები ზურაბ ტუხიაშვილი.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გუშინ, 17 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობოს ინტეგრაციის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპროტესტო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს.