ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოება დაცულია, ბიოლოგიური ნარჩენებით დაბინძურება აღარც მდინარე მაშავერას ემუქრება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერას ნაპირიდან 20 მეტრის მოშორებით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ბიოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებელი ტერმინალი აშენდა, რომელიც მდინარეს დაბინძურებისაგან დაიცავს, რაც თავის მხრივ მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტი იქნება. აღნიშნული ბიოტერმინალის მუშაობის შედეგად წარმოიქმნება ტექნიკური წყალი, რომლის გამოყენებასაც მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლები სარწყავად შეძლებენ.
პროექტის მიხედვით მოეწყო 4 ვაგონისი ტიპის შენობა და 1 დამხმარე ნაგებობა. აღნიშნულ შენობებში დამონტაჟდა წყლის გამფილტრავი დანადგარები და საქლორატორო, რომელიც ბიოლოგიური ნარჩენების გაწმენდა-გადამუშავებას უზრუნველყოფს.
პროექტზე 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ბიოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებელი ტერმინალი პირადად მოინახულეს.