საქართველო გახლავთ უძველესი ქრისტიანული ერი ჩვენს კონტინენტზე. ახლა ჩვენ ვდგავართ ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოდ დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველო მრავალი წლის განმავლობაში შორდებოდა ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, თუმცა უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, სათავე დაუდო საქართველოს დაღმასვლას, სასტიკ რეპრესიებს, ძალადობას, დაკავებებს – ეს ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდანაა. ერთ დროს ევროპის სანდო მოკავშირე საქართველო გარდაიქმნება პუტინის მარიონეტად.
ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ თავისუფლების მოყვარე ქართველებისთვის, არამედ ეს ნიშნავს სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. საქართველოს დებიძინიზაცია გახლავთ ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში. ყველა ქვეყანა, რომელიც აევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.