ამერიკულმა გამოცემა Axios-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე გამართული ხანმოკლე საუბრის დეტალები.
ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის დეტალები გამოცემას ორმა ანონიმურმა წყარომ გაუზიარა.
ვიდრე მსოფლიო ლიდერები ვატიკანში ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად გაემგზავრებოდნენ, უკრაინულმა მხარემ, სავარაუდოდ, მიიღო სიგნალები, რომ ტრამპი შეხვედრისთვის მზად იყო.
წყაროების თქმით, ზელენსკის მრჩევლები ძალიან ნერვიულობდნენ და ყოყმანობდნენ, დათანხმებოდნენ თუ არა ზელენსკისა და ტრამპის კიდევ ერთ პირისპირ საუბარს.
წინასწარი შეთანხმებები არ ყოფილა; იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ტრამპი და ზელენსკი რომის პაპის დაკრძალვის შემდეგ შეხვედრას შეეცდებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პირისპირ სასაუბრო ადგილი იპოვეს.
წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინი ადგილიდან არ დაიძვრება, თუ ამერიკის პრეზიდენტი მასზე მეტ ზეწოლას არ მოახდენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მიდგომა შეცვალოს, რაც გააჟღერა კიდეც საუბრის შემდეგ გავრცელებულ პოსტში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ის თავდაპირველ წინადადებას დაუბრუნდნენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების „საწყის წერტილს“ - რაზეც უკრაინა დათანხმდა, მაგრამ რუსეთი - არა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპიც დათანხმდა ამ მოსაზრებას.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ უკრაინა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ მისგან ამას არ ითხოვს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის დასრულებაზე შეთანხმებისთვის მას „დათმობების არ ეშინია“, თუმცა უსაფრთხოების დამაჯერებელი გარანტიები სჭირდება.
წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ საუბრის დროს ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა, რათა სწრაფად მოეწეროს ხელი მინერალებზე შეთანხმებას.
თეთრ სახლში Axios-ს განუცხადეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ ტრამპის მსოფლიო ლიდერებთან პირად საუბრებზე. კომენტარზე უარი თქვეს ზელენსკის ოფისშიც.