„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბილბორდებზე განთავსებულ ახალ ბანერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამას სასოწარკვეთაში მყოფი „ქართული ოცნება“ აკეთებს, ბინძური პოლიტტექნოლოგიებით.
„ამას აკეთებს ქართული ოცნება, რომელიც არის სრულ სასოწარკვეთაში, აკეთებს ისეთივე ბინძური პოლიტტექნოლოგიებით, რომლებიც აკრავდნენ აქამდე პატარა პოსტერებს, პატარა ბანერებს, რომელსაც არც ტიპოგრაფია, არც ტირაჟი, არც შემკვეთი, არაფერი არ იყო ზედ მითითებული და რომელსაც თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის მუშაკები აკრავდნენ კედლებზე. ნუ, გააკრან, იმიტომ რომ, „არა ნაცებს“ და „არა ბოროტებას“, როგორ ეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, „თაკო ჩარკვიანს“, „არმაზ ახვლედიანს“, „მურმან დუმბაძეს“, „მედიკო ვასაძეს“, თერთმეტი პარტიის ლიდერს, რომელიც არასოდეს არ ყოფილან ნაცმოძრაობის წევრები, ან როგორ ეხება ეს გაერთიანებულ ოპოზიციას ან მის კანდიდატს, მე არ ვიცი. არა ბოროტებას მიწერილი უნდა იყოს იმ ბანერზე, სადაც კმაყოფილი სახით, ვარდისფერი აღაჟღაჟებული ლოყებით ბატონი ივანიშვილი და მისი ამფსონები არიან გამოსახულები. იმიტომ რომ ამ ხალხმა ექვსი წლის განმავლობაში გააქციეს საქართველოს მოქალაქე და დააქციეს ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენ ბოლომდე არ გვესმის რა მასშტაბებით არის ქვეყნის ეკონომიკა დაზიანებული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
«არა ნაცებს », « არა ბოროტებას » - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში, ბილბორდებზე ახალი ბანერები გამოჩნდა. პოსტერზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის ქარდავას, ვანო მერაბიშვილისა და ნიკა გვარამიას ფოტოები გამოსახული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბანერები პატრიოტთა ალიანსმა შეუკვეთა.