სასამართლო კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით, - განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლე შორენა გუნცაძემ.
"სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2005 წლის ივლისში, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ამ პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილსა და ამ პერიოდში დეპუტატ გელაშვილს შორის დაპირისპირების არსებობა. მოგვიანებით, 2014 წლის აგვისტოში, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ დეპუტატ გელაშვილს ყაჩაღადაც კი მოიხსენიებს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწყის ეტაპზე ამ საქმეზე გამოძიება წარმოებდა დაახლოებით, ორთვენახევრის მანძილზე და 2005 წლის 5 ოქტობრის შემდგომ, 2012 წლის 13 ნოემბრამდე საქმეზე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა საკანონმდებლო ორგანოს წევრს, რომელიც იმთავითვე აცხადებდა, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა სპეცსამსახურის მხრიდან.
2007 წლის ოქტობერში კი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა ამხილა იმ პერიოდში პრეზიდენტი სააკაშვილი და შს მინისტრი იმაში, რომ ისინი იყვნენ ორგანიზატორები ვალერი გელაშვილზე თავდასხმის განხორციელების. ამის მიუხედავად, მთელი 7 წლის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოს არ განუხორციელებია არცერთი საგამოძიებო მოქმედება, რაც მიუთითებს არა 2012-2013 წლების შემდგომ წარმოებული გამოძიების მიკერძოებაზე, არაობიექტურობასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, არამედ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2005-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ დაინტერესებული, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარებულიყო სამართლებრვი ღონისძიებები იმ პირთა დასადგენად, ვინც თავდასხმა განახორციელა, რათა შემდგომში არ მომხდარიყო იმ პირების ვინაობის დადგენა, რომლებიც ამჟამად უკვე მსჯავრდებულები არიან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე", - განმარტა მოსამართლემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას ბრალი ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე შორენა გუნცაძემ დღეს გამოაცხადა. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი გამორიცხა.
გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მას ასევე 2 წლით და 3 თვით სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.