ისრაელის მაღალჩინოსნებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მიმართეს თხოვნით, დაუშვან ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დარტყმების გაფართოება. ამის შესახებ The Jerusalem Post იუწყება.
წყაროების ინფორმაციით, ისრაელის მხარე იმედოვნებს, რომ ვაშინგტონის პასუხი დადებითი იქნება, რადგან ამ ეტაპზე პროგრესი არ შეინიშნება არც აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში და არც ისრაელსა და ლიბანს შორის მიმდინარე დიალოგში.
ცნობისათვის, 16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა.
აპრილის ბოლოს ისრაელის ელჩმა გაერო-ში დენი დანონმა აღნიშნა, რომ ლიბანში ზავის შენარჩუნება „100%-ით გარანტირებული არ არის“, რადგან მას ეჭვი ეპარება, შეძლებს თუ არა ლიბანის ხელისუფლება სრულად გააკონტროლოს დაჯგუფება „ჰეზბოლა“.
26 მაისს ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე 120-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა და სახმელეთო ოპერაციაც გააფართოვა. ეს ბოლო კვირების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია იყო.