არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მის წამებაში დახმარებაში ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს ბრალის დასამტკიცებლად მტკიცებულებები არ გააჩნია, რასაც მოგვიანებით პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ მტკიცებულებების სტანდარტი სასამართლომ გაიზიარა, რაც დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული.
საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.