საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ჩანადირი, აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თინეიშვილი და დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე დაესწრნენ.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები სახელმწიფოს წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ერთობლივად დაძლევაზე, თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე იზრუნებენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარის დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემასა (LMIS) და საერთაშორისო ქსელში ჩართვას, Worknet.Ge-სა და აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზას შორის კავშირსა და ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს.
ოთხმხრივი მემორანდუმი აჭარის დასაქმების სააგენტოს საშუალებას მისცემს, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების კომპლექსური მომსახურება შესთავაზოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების სტატისტიკის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ საქმიანობაში ჩაერთოს.
მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის პოლიტიკაში ინტეგრაციას.