პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არსებობს სიგნალები რუსეთის მიერ შესაძლო ესკალაციისთვის სერიოზული მზადების შესახებ. მისი თქმით, მომდევნო შვიდი-რვა თვე შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს უკრაინის, პოლონეთისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
ტუსკს, მათ შორის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ბოლო ვიზიტის შესახებ ჰკითხეს. პოლონეთის პრემიერის თქმით, ვარშავა CIA-ს ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტზეა და რეტკლიფის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ CIA-ს ხელმძღვანელობასთან, ამიტომ არ გვიკვირს ინფორმაცია იმ მოქმედებებისა და ზომების შესახებ, რომლებსაც CIA-ს ხელმძღვანელი ახორციელებს“, - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების საკითხებში გარკვეული ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხეების შესახებ ინფორმაცია უნდა დაიმალოს.
ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარი მხოლოდ CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს აღარ ეხება.
მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში სულ უფრო ხშირად ჩნდება საჯარო სიგნალები, რომ რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება.
„ცნობილია, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად ემზადება დაძაბულობის ესკალაციისთვის - როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისე მთლიანად რეგიონში და რომ რუსეთისთვის ეს შემოდგომა და ზამთარი საკვანძო პერიოდი უნდა იყოს“, - განაცხადა ტუსკმა.
მედიის ინფორმაციით, რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტის დროს რუს ოფიციალურ პირებს მოუწოდა, აშშ-ის ნატო-ელ მოკავშირეებთან, კერძოდ, ესტონეთთან, ლატვიასა და ლიეტუვასთან, კონფლიქტი არ გაემწვავებინათ.