თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი ძალოვანი უწყების მოქმედი ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის ინიციატივას პოზიტურად აფასებს. თუმცა, ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თავად პროცესებში ჩასართავად მზად არ არის.
,,ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მზად არ ვარ ამისთვის, თუმცა ინიციატივა მისასალმებელია”, _განაცხადა გია ყარყარაშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილ მინისტრებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
,,ერთ-ერთი პირველი, რასაც ვგეგმავ, არის ის, რომ მე მინდა, თავდაცვის ყველა ყოფილ მინისტრს, ვინც საქართველოში იმყოფება და პროკურატურის აღრიცხვაზე არ არის აყვანილი, ვთხოვო, რომ მობრძანდნენ თავდაცვის სამინისტროში და ჩვენ ერთგვარი კლუბივით შევქმნათ, სადაც ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პერიოდულად ერთად ვისაუბრებთ ხოლმე. იმიტომ, რომ ერთ რამეში ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ იმის მიუხედავად, როდის რა ხელისუფლება იყო, საქართველოში თითქმის ყოველთვის თავდაცვის ყველა მინისტრის მთავარი ამოცანა და ოცნება იყო საქართველო ნატოში,"- განაცხადა ხიდაშელმა.