ახლა ჩვენი თაობაა პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ ივლის საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,თბილისი მარიოტში" მიმიმდინარე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ", კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა.
,,ახლა ჩვენი თაობაა პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ ივლის საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვალდებული ვართ თანამიმდევრული და სწორი ნაბიჯებით ვიაროთ ამ გზაზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომაცაა, რომ ვილნიუსში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა საქართველოსთვის. ამ ხელშეკრულებით ჩვენ ვუერთდებით ისეთ საერთო-ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტიც, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია. ვილნიუსში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასევე ჩარჩო-შეთანხმებას, რითაც დავადასტურეთ, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირთან ერთად წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს მსოფლიო უსაფრთხოებას. ამგვარად, საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სფეროში", _განაცხადა ღარიბაშვილმა.