კასპიის რიგით მესამე ფორუმზე კასპიის რეგიონის წლის საუკეთესო პროექტად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი დასახელდა. ღონისძიება 5 დეკემბერს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა. პრემიები გადაეცათ საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრს ბინალი ილდირიმსა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრს, ზია მამედოვს. დაჯილდოება კასპიის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის ხელმძღვანელობით. ფორუმის მსვლელობისას, განხილულ იყო რეგიონში ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ,,დიდი აბრეშუმის გზის" აღორძინების შესაძლებლობა, კასპიის რეგიონის სატრანზიტო დერეფნის განვითარება და სხვ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ფორუმის მონაწილეთა წინაშე მოხსენებით წარსდგა. მისი განცხადებით, საქართველო, როგორც დასავლეთი-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილი, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ყველა სატრანსპორტო პროექტს, რომელიც ამ მიმართულების განვითარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, მიქელაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის. კასპიის ფორუმი ჩატარდა „კასპიის სტრატეგიის ინსტიტუტის" ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დარგობრივმა ექსპერტებმა.
მასალის გამოყენების პირობები