კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაგრძელდება. როგორც ბესელიამ ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა პატრიარქის განცხადება ყოველთვის ყურადსაღები უნდა იყოს.
"პირადად მე პატრიარქის განცხადება მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად და ვთვლი რომ ეს ყოველთვის ყურადსაღები უნდა იყოს. თვითმმართველობის რეფორმის ირგვლივ საპატრიარქოსთან კონსულტაციები დაიწყო და ის მომავალშიც გაგრძელდება. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი კანონპროექტი შემოდის პარლამენტში ნორმალურია რომ დისკუსია იყოს. ეს არის ჯანსაღი პროცესი და დისკუსია. გუნდის შიგნითაც გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება. ხუთშაბათამდე ალბათ საკომიტეტო მოსმენები დასრულდება და შემდეგ უკვე ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს ბესელია.