ევროინტეგრაციის მომხრეები უნდა იყვნენ გადამწყვეტად განყობილნი და მათ პროტესტის დინამიკა უნდა შეინარჩუნონ. მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი აიძულონ იანუკოვიჩი დათმობებზე წავიდეს, ვინაიდან მას არსებული სიტუაციის გადაწყვეტის თავისი გეგმა არ აქვს. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნევსკიმ პოლონურ მედიასთან საუბარში გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინის რევოლუციის ბედი უახლოეს 48 საათში გადაწყდება.
„თუ ევროინტეგრაციის მომხრეები გადამწყვეტად იქნებიან განწყობილნი და პროტესტის დინამიკას არ დააგდებენ იანუკოვიჩი დათმობებზე წასვლას დაიწყებს. დათანხმდება ამა თუ იმ მინისტრის, პრემიერ-მინისტრის გადაყენებასაც კი. მაგრამ თუ საპროტესტო ტალღა შესუსტდა ის სიტუაციის დასაწყნარებლად ძალას გამოიყენებს", _ აცხადებს კვასნევსკი.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არსებული სიტუაციის გადაწყვეტის თავისი გეგმა არ გააჩნია.
„ის მოვლენების განვითარებას ელოდება, მას არსებული სიტუაციის გადაწყვეტის თავისი გეგმა არ გააჩნია. მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: დააბრუნოს სიმშვიდე და უზრუნველყოს თავისი ხელახალი არჩევა 2015 წელს",_ აცხადებს კვასნევსკი და იქვე აღნიშნავს, რომ ახლა პრეზიდენტის გადადგომა ნაკლებსავარაუდოა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს უკრაინაში იმაზე გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე „ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს იყო.
პოლონეთის ექს-პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას რეალურ დახმარებას გამოუყოფს არა იმისთვის, რომ მან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, არამედ იმისათვის, რომ ის საბაჟო კავშირში გაწევრიანდეს.
„რუსეთის სტრატეგიულ გეგმებში მხოლოდ ამას აქვს აზრი", _ აცხადებს კვასნევსკი, რომელიც უახლოეს მომავალი კიევში ჩასვლას გეგმავს.