პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის დღევანდელი ევროპა სწორედ ადამიანის უფლებებია. როგორც უსუფაშვილმა ადამიანის უფლებათა საკითხებში მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არ არსებობს რაიმე სხვა საქმე, რის გამოც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებმა უნდა მოიცადოს.
„არ არსებობს რაიმე სხვა საქმე, რის გამოც ადამიანის უფლებების დაცვამ უნდა მოიცადოს - სახელმწიფო განმტკიცდეს, ეკონომიკას მოევლოს, ქვეყანა წინ წავიდეს და მოდით ამის შემდეგ დავიწყოთ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ შეცდომას არ დავუშვებთ და გავიზრებთ, რომ თუ ევროპისკენ მივდივართ მაშინ დღევანდელი ევროპა სწორედ ადამიანის უფლებებია. თუ მოგწონს ის რაც ევროპაში ხდება, ცხოვრების დონით დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვით დამთავრებული ეს არის შედეგი იმისა, რომ იქ ადამიანი არის ცენტრალური ღირებულება და დროა ეს ფაქტორი ჩვენს რეალობად ვაქციოთ და საქართველოს ამაში დახმარება სჭირდება",- განაცხადა უსუფაშვილმა.