"ამერიკული მხარე უაღესად კმაყოფილია საქართველოს მიერ დასავლური კურსით, კერძოდ, ამ დღეებში ვილნიუსში შემდგარი ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ფაქტით. სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაგვიხადა ურყევი კურსისთვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯისათვის. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს იღონებს, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს ამ პროცესის ეფექტიანად გაგრძელებაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძისა და ჯონ კერის შეხვედრის შემდეგ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მათ თვისობრივად ახალ დონეზე აყვანას.
"გამოითქვა მოსაზრება, რომ გახშირდეს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. ჯონ კერი დაგვპირდა, რომ არაუგვიანეს გაზაფხულისა ის აუცილებლად ესტუმრება საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებში ელიან საქართველოს ლიდერებს, პრემიერს, პრეზიდენტს, კონკრეტული თარიღი მოგივანებით დასდასტურდება. არის სრული მზადყოფნა, რათა სრული დინამიზმით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ეს ფორმატები ორმხირივი ურთიერთობისა კიდევ უფრო გაფართოვდეს, გაღრმავდეს და ამისი ნება დღევანდელ შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა სახელმწიფო მდივნის მხრიდან", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.