სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დიმიტრი დარბაისელი უხელმძღვანელებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი თავმჯდომარე 29 ნოემბერს წარუდგინა.
პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
დიმიტრი დარბაისელმა, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა, 2008 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძო. სამართალდამცავ სისტემას ის 2012 წელს დაუბრუნდა.
34 წლის დიმიტრი დარბაისელი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრია. მან 2001 წელს დაამთავრა უშიშროების აკადემია. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დიმიტრი დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ღურწკაია შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას მიმდინარე წლის 13 მარტიდან 29 ნოემბრამდე იკავებდა.