ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. რასმუსენი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.
რასმუსენი ,,მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი თუ განახორცილებს ზეწოლას ამა თუ იმ ქვეყანაზე, რათა ის არ გახდეს ევროპული სტრუქტურების ნაწილი, ამით რუსეთი დაარღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი თავად მოაწერა.
,, პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და განვაცხადო, რომ მაქვს იმედი, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. ახლა თუ არა მოგვიანებით მაინც. რუსეთი თუ გამოიყენებს რაიმე ხერხს და განახორციელებს ზეწოლას, რომ ესა თუ ის ქვეყანა ვერ შევიდეს ნატოსა, ან ევროკავშირში ეს იქნება იმ დოკუმენტის დარღვევა, რომელზეც ხელი თავად რუსეთის ფედერაციას აქვს მოწერილი და თან დიდი ხნის წინ. პრინციპი მარტივია, ყველა ინდივიდუალურ ქვეყანას უფლება აქვს გადაწყვიტოს რომელ ორგანიზაციაში შევიდეს. ჩვენ ერთგული ვართ ამ პრინციპების და დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთიც ერთგული იქნება", _აცხადებს რასმუსენი.