რუსულ მედიაში თანდათან გორდება ნეგატიური ტალღა ფინელი რეჟისორის, რენე ჰაარლენის მიერ გადაღებული ფილმის "Georgia"-ს შესახებ, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე უნდა გაიმართოს. კერძოდ, ტელეკომპანია "ღუსსია თოდაყ" რეჟისორ რენე ჰაარლენის რუსეთ საქართველოს 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმს "Gეორგია" ვრცელ სიუჟეტს უძღვნის.
"რეჟისორ რენე ჰაარლენის ახალი ფილმი კინოგაქირავებაში მიმდინარე წელს უნდა ჩაშვას. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ეს იქნებოდა მიუკერძოებელი მონათხრობი 2008 წელს მომხდარ საქართველო-რუსეთის ომზე. თუმცა საბოლოო შედეგმა კითხვები დაბადა _ ხომ არ არის ეს პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი პროპაგანდისტული გამოხტომა, მხოლოდ უკვე მსოფლიოს დონეზე", _ აცხადებს რუსი ჟურნალიტი და იქვე აღნიშნავს, რომ ფილმის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ასე არ არის.
"ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ ომი ცუდია. მსოფლიოში მრავალი ომი მიმდინარეობს. ჩვენ გვქონდა საშულება გაგვეკეთებინა ომის საწინააღმდეგო ფილმი. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი", _ აცხადებს ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მაიკლ ფლანინგანი, რაზეც რუსი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამ "შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ფილმის ავტორებმა თავადაც ვერაფერი გაიგეს".
"ფილმის პროდიუსერები აცხადებენ, რომ ფილმში არ არიან "არც კარგი და არც ცუდი ბიჭები" და რომ "იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველამ დაინახოს, ომის დრო - ეს ცუდი დროა", თუმცა საკმარისია ერთხელ შეხედო ფილმს და ცხადი ხდება, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა", _ აცხადებს სიუჟეტის ავტორი და დასძენს, რომ ფილმი ქალაქ გორში ქართველების მიერ გამართული მშვიდობიანი ლხინით იწყება, რომელსაც სროლები ახშობს და ვინ არის აქ უარყოფითი გმირი მალევე ხდება ნათელი.
"ფილმი არა საქართველოს ინტერესების დასაცავად, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესების დასაცავადაა გადაღებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი თავხედური პროპაგანდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება", _ აცხადებს სიუჟეტის ავტორებთან საუბრისას ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი ეკა ბესელია.
რუსი პოლიტოლოგი ლეონიდ რადზიხოვსკი კი აცხადებს, რომ "ამაში არაფერი ახალი არ არის. კინო ყოველთვის გამოიყენებოდა ისტორიული მოვლენების შესახებ თვალსაზრისის დასამახინჯებლად. არავინ არ გაიხსენებს კონფლიქტს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ისეთად როგორიც ის სინამდვილეში იყო. ადამიანები ჰოლივუდური ფილმის მიხედვით გააკეთებენ დასკვნებს", _ აცხადებს რადზიხოვსკი.
"50 მილიონიან სურათს აქვს ყველა შანსი იმისა, რომ ომზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ ერთ ყველაზე "მაგარი" ფილმი გახდეს. ჰოლივუდელ კინემატოგრაფისტებს შეუძლიათ ლამაზი სურათების გადაღება", _ ამბობს სიუჟეტის ბოლოს ავტორი.