ექსპერტი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხოშტარია აცხადებს თავისთავად, სამწუხაროა, რომ უკრაინა ამ ეტაპზე ევროკავშირთან ასოცირების პროცესს ეთიშება.
,,უკრაინის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან რუსეთი სერიოზული ბერკეტებით ზეწოლას ახორციელებდა. იანუკოვიჩის მთავრობა თავიდანვე ცალსახად არ იყო პროდასავლური მთავრობა, ის იყო მთავრობა, რომელიც ბალანსირების პოლიტიკას ეწეოდა. ამიტომ უკრაინის მაგალითი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ბალანსირების პოლიტიკა ამგვარი კრახით მთავრდება. თავისთავად, სამწუხარო ფაქტია რომ რეგიონში ისეთი ძლიერი მოთამაშე როგორიც უკრაინაა ევროკავშირთან ასოცირების პროცესს ამ ეტაპზე ეთიშება. თუმცა საქართველოზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, თუ თავად ჩვენი მთავრობა არარეალისტურ თამაშებს არ წამოიწყებს რუსეთთან", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხოშტარიამ.
,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას მოსალოდნელია თუ არა უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთმა საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს ხოშტარია პასუხობს:
,,რუსეთის საქართველოზე ზეწოლა ახალი არ არის და აბსოლუტურად არც უნდა გვიკვირდეს, ახალი არ არის. მთავარია, მთავრობას ესმოდეს, რომ რუსეთთან არარეალისტურ თამაშში არ შევიდეს და ზედმეტი მოლოდინი არ შეიქმნას მათთან მოლაპარაკებისას და ახსოვდეს რა ტიპის ქვეყანასთან აქვს საქმე. ამას უკრაინის გადაწყვეტილებაც ადასტურებს", _აცხადებს ხოშტარია.
მისივე განმარტებით, უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება.
,, საქართველოს ევროკავშირისგან უფრო მეტად ექნება მხარდაჭერა ისეთი საფრთხეების წინაშე, რომელსაც რუსეთი ქმნის", _განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მომზადების პროცესი.