„უკრაინის უარი იქნება პუტინის მორიგი გამარჯვება როგორც უკრაინაზე, ასევე დასავლეთსა და მის ლიდერებზე", -. ასე აფასებს „ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ კომენტარში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უკრაინის შესაძლო უარს საქართველოს კულტურის ექს-მინისტრი ნიკა რურუა.
რურუა მიჩნევს, რომ ეს მოცემულობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მტაცებლური პოლიტიკის მართებულობაში დაარწმუნებს და უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის თავისუფალ სამყაროს.
„ეს პუტინს კიდევ უფრო დაარწმუნებს, რომ მტაცებლური საგარეო პოლიტიკა ამართლებს და ის კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შექმნის თავისუფალი სამყაროსათვის. დასავლეთმა ეს უნდა გააცნობიეროს, სანამ გვიანი არ არის", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" რურუამ.
რურუას თქმით, უკრაინის დანებების შემთხვევაში ანალოგიური ზეწოლა შესაძლოა საქართველოზეც დაიწყოს და ამიტომაც უკრაინის მხარდაჭერა ტიმოშენკოს გათავისუფლებაზე მაღლა დგას.
„შესაძლებელია, რომ საქართველო ამ სახის ზეწოლის ობიექტი გახდეს, როგორც კი უკრაინა დანებდება პუტინის მოთხოვნებს. ამიტომ, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დასავლელ ლიდერებს ავუხსნათ უკრაინისათვის ძალიან მტკიცე მხარდაჭერის აუცილებლობა, გაათავისუფლებს იანუკოვიჩი ტიმოშენკოს თუ არა", - განაცხადა რურუამ და დასძინა, - „ აქ სასწორზე ბევრად უფრო მეტი დევს - ესაა ერთი მხრივ, პუტინის შეშლილი ოცნება ახალი იმპერიის შემქმნის თაობაზე და მეორე მხრივ, ცივი ომის შედეგად ევროპის განთავისუფლების პროცესის დამთავრება".
„ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, იქნება თუ არა სწორი ევროკავშირმა გადადგას არაორდინალური ნაბიჯი და იმავე მოლდოვასთან და საქართველოსთან გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება სწორედ ვილნიუსის სამიტზე, რურუამ განმარტა:„- საქართველოსთან და მოლდოვასთან ამ არაორდინალური ნაბიჯის, ასოცირების ხელშეკრულობის გაფორმება ძალიან გამბედავი და ბრძნული გადაწყვეტილება იქნება, ოღონდ მე ეჭვი მეპარება, რომ ევროპელ ლიდერებს ეს ესმოდეთ. დღეს ლიდერშიპის სერიოზული დეფიციტია დასავლურ პოლიტიკაში".