ინგუშეთში ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენელი მაკშარიპ აუშევი მოკლეს. მისი მეგობრის, ასევე ოპოზიციონერის, მაგომედ ხაზბიევის განცხადებით, აუშევი ნალჩიკში, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ინგუში სამართალდამცველები აღნიშნულ ფატზე კომენტარს არ აკეთებენ.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, 09:30 საათზე, ჩეგმენსკის რაიონის სოფელ ნართანთან შავი ფერის ავტომანქანას ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს. საჭესთან მჯდომი აუშევი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი თანამგზავრი ქალბატონი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უნდა აღინიშნოს, რომ 15 სექტემბერს აუშევის გატაცების მცდელობას ჰქონდა ადგილი. იგი იყო ოპოზიციური პროექტის "ინგუშეთი. ორგ"-ის ყოფილი თანამფლობელი, რომელიც ამავე პროექტის კიდევ ერთი მფლობელის მაგომედ ევლოევის მკვლელობის შემდეგ (2008 წლის აგვისტო) ოპოზიციურ საქმიანობაში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ მაშინ ევლოევის მკვლელობას ინგუშეთის პრეზიდენტის მურატ ზიაზიკოვის გადადგომა მოჰყვა.
აღსანიშნავია ასევე, რომ გარდაცვლილი მაკშარიპ აუშევი რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის აპატარის ექსპერტთა საბჭოს წევრი იყო.