12 მარტს, 12:00 საათზე, მ. ლაღიძის ქ. #1-ში მდებარე განახლებული კაფე "რუსთაველის" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება ტარდება პროექტის "ჩვენ და ვეფხისტყაოსანი" ფარგლებში.
რუსთაველის პროსპექტზე, ტრადიციული "ლაღიძის წყლების" მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი კაფე "რუსთაველი" ერთ ღამეში სახეს შეიცვლის: კედლები ქეთი მატაბელის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე შექმნილი სურათებით გაფორმდება.
ღონისძიებაზე ("საჭირო დროს საჭირო ადგილზე"), რომელიც შპს "სეზანის" ინიციატივითა და გია ალიხანაშვილის მხარდაჭერით გაიმართება, მიწვეული არიან რუსთაველის პრემიის ლაურეატები. განახლებული კაფე "რუსთაველის" პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის "ჩვენ და ვეფხისტყაოსანი" ფარგლებში მომზადებული წიგნები.
"დანარჩენი ჩვენზეა, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ 2012 წლისთვის იქნებ "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა 300 წლის იუბილეს აღნიშვნაც მოგვინდეს და 2016 წელს საქართველომ, დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით, რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეც აღნიშნოს", - აცხადებენ ორგანიზატორები.