ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო), მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გაიმართა. ცესკომ მედიას მისი საქმიანობის შესახებ ყოველკვირეული ანგარიში წარუდგინა.
2 მარტიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგიონებში გასვლა დაიწყო. პირველი ვიზიტით ცესკოს წევრები თელავში ჩავიდნენ, სადაც ახმეტის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 4 მარტს კი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სიღნაღში დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის და ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და წინასაარჩევნო გეგმები. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესზე და ცესკოს სამუშაო ჯგუფების როლსა და საქმიანობაზე.
5 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFEშ) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მემორანდუმს შეიმუშავებს. მემორანდუმის მიზანია ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსგავსი მემორანდუმი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გაფორმდა ცესკოსა და ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის.
5 მარტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცესკოს სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია წარმოადგინა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესები გამჭვირვალედ მინდინარეობს, რასაც ხელს უწყობს მსგავსი ტიპის შეხვედრები.
6 მარტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკურ პარტიებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები და სიების მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესი.
ცესკოს საქმიანობის გამჭვირვალობის ფარგლებში, ვებ გვერდზე გამოქვეყნდება ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით ცესკოში შემოსული წერილები და წერილებზე გაცემული პასუხები.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 მარტიდან 11 მარტამდე სტაჟიორთა მიღების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ცესკოში უნდა წარმოადგინონ განცხადება (ადგილზე ივსება); პირადობის მოწმობის ასლი; დიპლომის ასლი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა; ავტობიოგრაფია ან ჩV; ორი ფერადი ფოტოსურათი;
ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
ამ კვირაში ცესკო საჯაროდ განსახილველად 2010-2011 წლების სამოქმედო სტრატეგიას გამოიტანს.
მომავალი კვირიდან ცესკო გააგრძელებს რეგიონალურ ვიზიტებს და წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონს ეწვევიან.