გერმანიის ფედერციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩვნებში გამარჯვებას ულოცავენ. „საქართველოს პრეზიდენტად თქვენს არჩევასთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვები", ნათქვამია ანგელა მერკელის მისალოც წერილში.
ფედერალური კანცლერი აღნიშნავს, რომ არჩევნები ძალიან სამართლიანად, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდა და რომ ეს ძალიან კარგი საფუძველია ორი მნიშვნელოვანი მოვლენისათვის, რომელიც საქართველოს ამ თვეში ელოდება.
„ახალი კონსტიტუციით, რომელიც თქვენი მოვალეობის შესრულების დაწყებისას შევა ძალაში, საქართველო გადავა საპარლამენტო დემოკრატიაზე. ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების პარაფირება თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან მისი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაკავშირებისათვის. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ და სხვა მიზნების მიღწევაში საქართველოს სანდო პარტნიორად დარჩება," - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილისადმი გერმანიის ფედერალური კანცლერის მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილში.
გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორია, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს ქვეყანას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების საქმეში.
„გერმანია დიდი მოლოდინითა და სიმპათიით ადევნებს თვალყურს თქვენი ქვეყნის სწრაფვას დემოკრატიის გამყარებისკენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის, კარგი პერსპექტივისა და ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებისკენ. გერმანია მომავალშიც საქართველოს სანდო პარტნიორი იქნება და ხელს შეუწყობს თქვენს ქვეყანას ამ რთული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში"-ნათქვამია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის იოახიმ გაუკის წერილში.