ქრისტიან დემოკრატები ხელისუფლებას მოუწოდებენ ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით მიიღოს ზომები მთის დაცლის საწინააღმდეგოდ.
ამის შესახებ განცხადება დღეს სესიაზე ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, მისმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ბოლო დღეეებში მოინახულა ლეჩხუმი და ცაგერი და მისი თქმით, "ამ მხარეს არაფერი ეტყობა იმისა, რომ ქვეყანაში შენდება გზები, კეთდება ინფრასტრუქტურა და მთავრობა ასრულებს დაპირებებს".
ლევან ვეფხვაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მთიანი ადგილები მიტოვებულია და ამის გამო დიდი საფრთხე არსებობს, რომ პრობლემები შეექმნას ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ამასთან ვეფხვაძე შიშობს, რომ თუკი ასე გაგრძელდება მთა მთლიანად დაიცლება და "ქვეყანას მომხდურისაგან დამცველი აღარ ეყოლება".
სწორედ ამიტომ იგი ხელისუფლებას თხოვს დაუყონებლივ გატარდეს ღონისძიებები მთის პრობლემის მოსაგვარებლად და სთავაზობს, რომ პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მთიდან წამოსული მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად.
"როგორც იცით ჩვენ გვაქვს ინიციატივა მთის კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი იქნება, რომ აღნიშნული საკითხი ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მიიღოს" - განაცხადა ვეფხვაძემ.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხიელ მაჭავარიანმა კი ქრისტიან დემოკრატებს ურჩია პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში დაბრუნებამდე კონსულტაციები გამართონ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვახტანგ ბალავაძესთან და შეჯერდეს სამუშაო ვარიანტი.
აღსანიშნავია ისიც რომ მაჭავარიანი მთის კანონის რეალურ ამოქმედებას მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ მისაღებია სხვა კანონი და შეჩერებული მუხლების ამოქმედება რეალურად პრობლემას ვერ მოაგვარებს.