ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები იფლანგება და კონტროლის პალატას აღნიშნული საკითხის შესწავლას თხოვს.
ამის შესახებ განცხადება გიორგი თარგამაძემ დღეს სესიაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქრისტიან დემოკრატებმა მოინახულეს რეგიონებში არსებული კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი ადგილები, პირობები კვლავ გაუსაძლისია.
თარგამაძემ კონკრეტულად დაასახელა სენაკსა და ხონში არსებული საცხოვრებელი ადგილები, რომლებიც მისი თქმით, "შენობები პირდაპირ კანალიზაციაზე დგას, ეზოებში ანტისანიტარიაა, სარდაფები სავსეა კანალიზაციის სითხით, სახურავები ცუდად არის გაკეთებული და ფაქტობრივად გაკეთებული არის ის რომ შენობები სანახევროდ შეთეთრებულია მხოლოდ გარედან".
როგორც თარგამაძე აცხადებს, ეს ვითარება მას უქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომ ბიუჯეტიდან შენობების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხა გაფლანგულია და კონტროლის პალატას აღნიშნული საკითხით დაინტერესებას თხოვს.
თარგამაძემ მტავრობას მოუწოდა გააკონტროლოს სამუშაოების მიმდინარეობა რათა არ მოხდეს თანხების ფლანგვა.
აღსანიშნავია, რომ თარგამაძის ამ განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და სენაკისა და ხონის მაჟორიტარებს მოუწოდა ვითარებაში გაერკვნენ და განცხადება პარასკევის სესიაზე გააკეთონ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭავჭანიძემ და სენაკის მაჟორიტარმა გურამ მისაბიშვილმა განცხადებები დღევანდელ სესიაზევე გააკეთეს და ოპოზიცია პოპულისტური განცხადებების გაკეთებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულეს.
მათი თქმით, სამუშაოები ჩატარებულია. დევნილთა პირობები რადიკალურად არის შეცვლილი.
"თუკი ქრისტიან დემოკრატებს ეს საკითხი მართლაც აინტერესებთ და არ არიან პოპულიზმით დაკავებულები, ელემენტარულად შეეძლოთ ჩემთვის ეკითხათ აქ რა ხდება და ავუხსნიდი, რომ შედარება მართლაც არ შეიძლება იმასთან რაც რეაბილიტაციამდე იყო" - განაცხადა გურამ მისაბიშვილმა.