პალესტინური საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი ტაუფიკ ტირაუი ისრაელს იასირ არაფატის გარდაცვალების საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნევს. მისივე თქმით, არაფატის გარდაცვალებას ბუნებრივი ხასიათი არ ჰქონია.
„როდესაც ჩვენ ვიპოვით მკვლელობის იარაღს, ჩვენ ვიპოვით დამნაშავესაც", _ განაცხადა ტირაუიმ და აღნიშნა, რომ პალესტინელი გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ არაფატის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ისრაელის მაშინდელ პრემიერს არიელ შარონს, თავდაცვის მინისტრს შაულ მოფაზს და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს ეკისრებათ.
ტირაუი ასევე აცხადებს, რომ კომისიამ დაკითხა ასობით მოწმე და ანალიზი განახორციელა ისრაელის იმდროინდელი ლიდერების „ყველა გამონათქვამისა", რომლებიც მეტყველებენ „იმის სასარგებლოდ, რომ ისინი არაფატის ლიკვიდაციის უკან იდგნენ".
„როდესაც ჩვენ ვიპოვით სიმართლეს, ჩვენ პალესტინის ნაციონალურ ადმინისტრაციაში დასკვნას წარვადგენთ, რომელიც გადაწყვეტს მან გაეროს უნდა მიმართოს თუ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს",_ განაცხადა მან.
ისრაელი კატეგორიულად უარყოფს პალესტინის ნაციონალურ ადმინისტრაციის დამაარსებლისა და პირველი ლიდერი გარდაცვალებასთან ყველანაირ კავშირს.
შეგახსენებთ, რომ 1964 წელს არაფატი სათავეში ჩაუდგა ომს ისრაელის წინააღმდეგ იორდანიაში. ამავე წელს არაბული სახელმწიფოების ლიგამ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია შექმნა, რომელიც მოუწოდებდა პალესტინელებს „სიონისტ ოკუპანტებთან ბრძოლისაკენ".
1988 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე არაფატმა უარყო ტერორიზმი და აღიარა „უფლება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისა იცხოვრონ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ისრაელისა და პალესტინის უფლება.
1989 წლის 2 აპრილს იასირ არაფატი არარსებული პალესტინური სახელმწიფოს პრეზიდენტად აირჩიეს. 1995 წელს იასირ არაფატი ისრაელის ლიდერებთან იცხაკ რაბინთან და შიმონ პერესთან ერთად ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.