სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დროულად და ეფექტურად უნდა მოხდეს შვიდი ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის, ასევე ტელე-იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და ტელევიზიის დახურვის ფაქტები. ამის შესახებ, სახალხო დამცველის განცახდებაშია აღნიშნული რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ არაერთი საერთაშორისო აქტით. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, იგი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, პროპორციული და თანაზომიერი საშუალების გამოყენებით შეიძლება შეიზღუდოს.
2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში" სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრიდან ექვსი წელი გავიდა, თუმცა, სახალხო დამცველისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დარღვევის ამ ფაქტებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცემია.
2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს მოხდა ტელეკომპანია „იმედში" სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა მოჰყვა.
საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის, ასევე 2008 წლის პირველი და მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიშებში დეტალურად არის განხილული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და აღწერილია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაციით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს, დროული და ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ კანონდარღვევებზე, თუმცა, ყველა ეს რეკომენდაცია დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის, ასევე ტელე-იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და ტელევიზიის დახურვის ფაქტები.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა არის ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტიანი საშუალება", _ნათქვამია განაცხადებაში.