უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა, როგორც მანამდე ორი მხარემ წინასწარ იყო შეთანხმებული.
„ჩვენ გავაძლიერეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის Patriot-ის კომპონენტი. მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ ფრიდრიხ მერცს რუსული ტერორისგან ადამიანების დასაცავად ამ ერთობლივი ნაბიჯისთვის. ჩვენ უკვე გარკვეული ხანია ვამზადებთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ახლა მიღწეული შეთანხმებები შესრულებულია“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მან არ დააკონკრეტა მოწოდებული სისტემების ზუსტი რაოდენობა, თუმცა ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია, ნორვეგიის მთავრობასთან ერთად, აფინანსებს Patriot-ის ორ სისტემას, მათ შორის მათთვის განკუთვნილ რაკეტებს. უკრაინამ ისინი წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინას რაკეტების გამშვებ დანადგარებს გადასცემდა და დარჩენილი აუცილებელი კომპონენტები ორ ან სამ თვეში გაიგზავნებოდა.
ამავდროულად, ბერლინი დათანხმდა თავისი Patriot-ების უკრაინაში გაგზავნას, მას შემდეგ, რაც აშშ-სგან გარანტიები მიიღო, რომ გერმანია პირველი იქნებოდა, ვინც მწარმოებლისგან ასეთ სისტემებს მიიღებდა.
უკრაინა შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლელ მოკავშირეებს სთხოვს, მიაწოდონ მას Patrtiot-ის დამატებითი სისტემები, რათა დაიცვას თავი რუსეთის მიერ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმებისგან.