დღეს, 7 ნოემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „ ემილის თავგადასავალი" პრემიერა გაიმართება.
ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის „ ლიონებერგელი ემილის თავგადასავალის" მიხედვით რეჟისორმა ლევან ქობლიანიძემ დადგა.
მონაწილეობენ მსახიობები: სოფიო ახუაშვილი, დიმიტრი თარბაია, შალვა ანთელავა, თამარ ჭანუყვაძე, თორნიკე ქინქლაძე, ხატია მელქაძე, ირინე კუკულაძე, ცოტნე საგინაძე, ალექს ლობოვი, ვასილ ამურველაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მაკა ბარდაველიძე, ნინო შუშიაშვილი, ქეთევან შერვაშიძე, ნანა მირიანაშვილი.
სპექტაკლის შესახებ: ცნობილი, შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ მხრივ გამონაკლის არც „ ემილის თავგადასავალი" წარმოადგენს. მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული წარმოდგენა პატარა ემილის თავგადასავალზე მოგვითხრობს. ბიჭის, რომელიც სიცელქით მოსვენებას არ აძლევს გარშემომყოფებს. მოუსვენრობის მიღმა იმალება ემილის მთავარი ღირსება- სიკეთის კეთების სურვილი, რაც გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების დახმარებით გამოიხატება.
ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ასტრიდი წერს, რომ იზრდებოდა ცხენის და კაბრიოლეტის ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები - უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან - უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
სპექტაკლის "ემილის თავგადასავალი" საპრემიერო წარმოდგენა 9,10 ნოემბერს გაიმართება.