აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. მინისტრებმა შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის გამგებელთან გიორგი რომანაძესთან და გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე სამინისტროების 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების პროექტები და პრიორიტეტები განიხილებოდა. მომავალ წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტი 9 034 400 ლარით განისაზღვრა. ნაერთი ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი 2013 წელთან შედარებით 522 930 ლარით იზრდება და 6 596 900 ლარი იქნება.
• - ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს მოხმარდება (მ.შ. პროფესიული გადამზადება) 4 941 100 ლარი
• - სოციალური დაცვის პროგრამებს 1 019 100 ლარი
• - საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებს 608 700 ლარი
• - დასაქმების სააგენტოს პროგრამებს 28 000 ლარი
მომავალ წელს სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის 9 მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს, მათ შორის 7 ახლი პროგრამა იქნება. სოციალური დაცვის მიმართულებით 8 პროგრამა ამოქმედდება, მათ შორის 4 ახალი. 2014 წელს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის 5 პროგრამიდან 3 ახალი იქნება. დასაქმების სააგენტო კი ერთ ახალ პროგრამას განახორციელებს.
სამინისტროების 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების გაცნობის მიზნით მინისტრებმა მსგავსი შეხვედრები უკვე გამართეს ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან.