კერძო იპოთეკარებთან მიმართებაში მთავრობა მიდგომას ცვლის და სანოტარო დამოწმებას სავალდებულოს ხდის. ასევე კერძო იპოთეკარების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის რეგულირება მოხდება.
მთავრობამ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შედის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში", „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" კანონში და „ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილებები უკვე მოიწონა და მთავრობის ინიციატივა მალე განხილვებისთვის საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
„მთავრობამ მოიწონა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შედის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში", „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" კანონში და „ნოტარიატის" შესახებ" კანონში. მთლიანობაში იდეა არის ის, რომ კერძო იპოთეკარების შემთხვევაში აღდგება სანოტარო დამოწმების სავალდებულო წესი, ანუ იპოთეკის ხელშეკრულებები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით და ასევე კერძო იპოთეკარების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის რეგულირება ხდება და ზედა ჭერი იქნება წლიური 2,5 %-ი, ყოველთვიური განაკვეთი იქნება ამის მეთორმეტედი ნაწილი. 2,5 % აითვლება საშუალო საბანკო წლიური განაკვეთიდან"- აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე.
მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, სხვა ცვლილებები შედის ასევე „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" კანონში.
„ცოტა მეტი შვება უნდა მიეცეთ იმ პირებს, რომელთა მიმართაც ხდება აღსრულება. მათ შეუძლიათ მაგალითად წინმსწრები აუქციონის მოთხოვნა, სადაც ლიმიტი საწყისი საბაზრო ფასის არ იქნება. ასევე სეკვესტრის შემთხვევაში შესაძლებელია, როდესაც მცირეა რეალურად აუნაზღაურებული მოთხოვნა, მოითხოვონ ალტერნატიული აღსრულების საშუალებები. მთლიანობაში კი ამ ცვლილებამ უნდა მისცეს გარკვეული შვება, რომელთაც დავალიანება გააჩნიათ"- აცხადებს სანდრო ბარამიძე.