ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი აცხადებს, რომ ორი სიმართლე არ არსებობს და დემოკრატია ავტორიტარიზმად მაშინ გარდაიქმნება, როცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შენიშვნები და შორისდებულები "მაგრამ", "თუ" და "ან" ჩნდება.
"დღეს სწორედ ასეთი შორისდებულები გაკეთდა: "თუ ტელევიზია რაიმეს აშავებდა", "თუ გარდაუვალი საფრთხე იყო". არ მაინტერესებს, დამნაშავე იყო თუ არა ბადრი პატარკაციშვილი, ვიმსჯელოთ, ჰქონდა თუ არა სარედაქციო პოლიტიკაში გადაცემები ტელეკომპანია "იმედს", _ აცხადებს დაჩი გრძელიშვილი.
ჟურნალისტი მოითხოვს, პირველ რიგში, გაირკვეს, იყო თუ არა დანაშაული ტელეკომპანია "იმედში" შეიარაღებული სპეცრაზმისა და აჟირიტებული სამოქალაქო პირების ხელკეტებით შევარდნა, ტელეკომპანიის საკუთრების დალეწვა, ჟურნალისტების შეურაცხყოფა.
"დღეს მაკადრეს, თურმე ზარალს აგვინაზღაურებენ. რის მიხედვით აგვინაზღაურებენ, მოხვედრილი ხელ-კეტების რაოდენობის მიხედვით, თუ რამდენი მეტრი ვირბინე ტელეკომპანია "იმედის" ეზოდან რესტორან "უშბამდე", როცა სპეცნაზელები მომდევდნენ", _ აცხადებს ჟურნალისტი.
"ნუთუ ძნელია, მშვიდობიან ადამიანს, უიარაღო ჟურნალისტს ტელეკომპანიაში ავტომატით არ შეუვარდე და აპარატურა თავზე არ დაამტვრიო", _ აცხადებს გრძელიშვილი.