მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განმარტებით ლაფანყურის საქმეზე შექმნილ საზოგადოებრივ საგამოძიებო კომისიას სამართლებრივი კუთხით არ აღვიქვამს. როგორც ჟურნალისტებთან კბილაშვილმა კომისიის შექმნის კომენტირებისას განაცხადა ყველა ადამიანის უფლებაა გაერთიანდეს ნებისმიერ კომისიაში.
,,საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის უფლებაა გაერთიანდეს ნებისმიერ კომისიაში. ამ კომისიის შექმნას სამართლებრივი კუთხით არ აღვიქვამთ, როგორც მანდატურულს, სავალდებულოს. ასე რომ, ამ მხრივ, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ნებადართული კომისიის შექმნის წესთან გვაქვს საქმე ", _განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური-საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პანკისის ხეობიდან უხუცესი საბჭოს წარმომადგენლები. კერძოდ კომისიის წევრები იქნებიან სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია, გელა ნიკოლაიშვილი. საბჭოს ძირითადი მიზანი იქნება 2012 წლის აგვისტოში სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და ფაქტების დოკუმენტირება, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს მოვლენების ფაქტობრივ განვითარებასთან დაკავშირებით. საბჭო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულთა ინტერესის წარმოჩენაზე და გამოძიების პროცესის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე. საბჭო მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შესაბამის მასალებთან ერთად გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საბჭო არ წარმოადგენს ალტერნატიულ საგამოძიებო უწყებას და პირიქით, ხელს შეუწყობს გამოძიების ყოველმხრივ, ეფექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას.