ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამივე ქვეყანას – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს – აქვს პოტენციალი, გაზარდონ კეთილდღეობა საკუთარ ქვეყნებში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოწვევისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას მეორედ ვიღებ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელსაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ჰქვია. თავისი სახელიდან გამომდინარე, ეს ღონისძიება უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციოზისთვის, კერძო სექტორის წარმომადგენლების, საერთაშორისო ექსპერტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ახალ იდეებს. ამ პლატფორმის შედეგად მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა, რაც მხარდაჭერის მექანიზმად გადაიქცა, ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მხარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო შესაძლებლობები განვავითაროთ არა მარტო სომხეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საშუალებით, არამედ მათთან საზღვრების გახსნით. სიხარულით ვადასტურებ, რომ დიდი წარმატება გვაქვს მიღწეული ამ მიმართულებით.
2025 წლის აგვისტოში, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც ასევე ხელი მოაწერა დონალდ ტრამპმა. დეკლარაცია კონკრეტულად ეხება რეგიონულ კომუნიკაციას და ჩვენ ვაცხადებთ, რომ ხაზს ვუსვამთ კომუნიკაციის, ურთიერთობის, დიალოგის მნიშვნელობას ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში, მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას რეგიონულ ჭრილში, სუვერენიტეტის დაცვით, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით. ეს ძალისხმევა არის შეუზღუდავი დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი დაკავშირებადობისთვის. აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და განახორციელა ეს სულისკვეთება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მუშაობს, რათა აზერბაიჯანთან მშვიდობა ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები განვითარდეს.
„აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენი მიმართულებით საქონლით ბრუნვაზე. ეს გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. მადლობას ვუხდი მას ამ ნაბიჯისთვის, გადაწყვეტილებისთვის და ამ ინიციატივას მივესალმები. თვეების წინ ეს ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა. ყაზახეთიდან შემოდიოდა საქონელი საქართველოს გავლით და ამ ტერიტორიების შემოვლით. ეს ბარიერები მოიხსნა ირაკლი კობახიძისა და ჯომარ კარიმოვის ძალისხმევით. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ძალისხმევაში მონაწილე ლიდერებს.
ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის მიხედვით, ციტირებას მოვახდენ: „სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს შეერთებული შტატების მთავრობასთან და ერთობლივად მონიშნულ მესამე მხარესთან, რათა ტრამპის მარშრუტი იქცეს რეალობად მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, უზრუნველყოფილი იქნეს სომხეთის ტერიტორიაზე დაკავშირებადობის უნარის ზრდა“. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ ყველაზე სწრაფი გზით. უკვე ვმუშაობთ შეერთებული შტატების მთავრობასთან, რათა განვახორციელოთ ეს შეთანხმებები, დათქმები. ასევე მახარებს, რომ პოზიტიური დიალოგი გვაქვს თურქეთსა და ჩვენს რესპუბლიკას შორის, რაც ჩვენი საზღვრის გახსნას უზრუნველყოფს. აქვე მინდა, დავადასტურო, რომ არა მარტო პოლიტიკურად, ტექნიკურადაც მზად ვართ, დღეიდან მოხდეს საქონლის ტრანზიტი. გაზვიადების გარეშე ვამბობ, ნამდვილად დღეიდან შეგვიძლია, გავატაროთ ტვირთბრუნვა სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით. ამისთვის მზად არის სახმელეთო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, მარგარას და სხვა პუნქტების გამოყენებით. პოლიტიკურად მზად ვართ, უზრუნველვყოთ ტრანზიტი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიამდე და პირიქით, სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით. ტექნიკურად ჯერ არ ვართ მზად, ინფრასტრუქტურის არქონის გამო, მაგრამ პოლიტიკურად მზად ვართ, სარკინიგზო ტრანზიტი უზრუნველვყოთ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან. დარწმუნებული ვარ, ტექნიკური საკითხები მოგვარდება 2-3 წლის განმავლობაში, უახლოეს პერიოდში და ელექტოენერგიის ქსელიც გაიმართება აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიებზე, ნახიჩევანის გავლით და თურქეთთან დაკავშირებით. ეს საგზაო და ელექტრონული ინფრასტრუქტურა განვითარდება სამმხრივი პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე დიალოგის საგნად იქცა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ასპექტში არის ის, რომ მშვიდობა უკვე დამყარდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვაშინგტონის სამიტის საფუძველზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს, ეს შეთანხმება ხელშესახები გახდეს, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები განვითარდეს და ეს ინიცირებული იქნა ვაშინგტონში. ამის პარალელურად, როგორც ვახსენე, ყველას სატრანსპორტო მარშრუტი გაიხსნება, ერთი მეორეს მიყოლებით და ისტორიულ ცვლილებას მოუტანს ჩვენს რეგიონს. საბოლოო ჯამში, უკვე დავაფუძნეთ ის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს სამხრეთ კავკასიას. განვითარება იქნება უცილობელი და მუდმივი ტვირთბრუნვის საფუძველი, ენერგეტიკის გადამცემი ხაზების, კომერციული ტვირთბრუნვის და რკინიგზის მიმოსვლის განმავითარებელი. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს და კეთილდღეობის, განვითარების ტემპს, მოცულობას გაზრდის ყველა ჩვენგანისთვის – სომხეთისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. დარწმუნებული ვარ, სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, გონს და განწყობას, უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, სხვა მეზობლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განავითარონ ურთიერთობები და კაპიტალად აქციონ, რათა რეგიონს ჰქონდეს სტაბილურობა.
„გავეცანი კომენტარებს რეგიონში სატრანსპორტო პროექტებს შორის კონკურენციის შესახებ და მიმაჩნია, რომ ეს კონკურენტული მარშრუტები არ არის, არ ვეთანხმები ამ კომენტარებს. ეს ერთმანეთს ავსებს, ერთი მეორის შემავსებელი მარშრუტებია და სამხრეთ კავკასიის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად ვზრდით. ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, შავი ზღვის რკინიგზა გაიხსნება და გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს არა მარტო სომხეთის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართულებით. სამშვიდობო დიალოგი, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არის ის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის და სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე გაიზრდება, განვითარდება ინფრასტრუქტურა. იმასაც ვიტყვი, რომ საკმარისი არ იქნება იმ საერთაშორისო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც უკვე აშკარაა. ჩვენ – საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განვავითაროთ ურთიერთობები და კაპიტალად ვაქციოთ, რათა ჩვენს რეგიონს მუდამ ჰქონდეს სტაბილურობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.