დღეს, 18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის ლანა ღოღობერიძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მიღება გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია კინორეჟისორს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სამინისტროს სპეციალური პრიზით „ხელოვნების ქურუმი" დააჯილდოებს. დაჯილდოებასთან ერთად შედგება რეჟისორის თარგმანების „რუსული პოეზია" პრეზენტაცია, ასევე გამოიფინება ლანა ღოღობერიძის ნამუშევრები; აკრილითა და პასტელით ნახატი კოლექცია რეჟისორის მიერ 90-იან წლებში საფრანგეთშია შესრულებული; ექსპონატები ორჯერ სტრასბურგშიც გამოიფინა.
კრებული „რუსული პოეზია" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა და მასში შესულია მარინა ცვეტაევას, ბორის პასტერნაკის, ანა ახმატოვას, ბელა ახმადულინასა და იოსიფ ბროდსკის ლექსები, რომელიც ლანა ღოღობერიძემ ქართულ ენაზე თარგმნა.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქართული კინემატოგრაფიის წარმომადგენლები, მწერლები, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, მოწვული სტუმრები.
ლანა ღოღობერიძე არის ყველა იმ ფილმის სცენარის თანაავტორი, რომლის რეჟისორიცაა: „ერთი ცის ქვეშ" (1961), „მე ვხედავ მზეს" (1965), „ფერისცვალება" (1968), „როცა აყვავდა ნუში" (1972), „აურზაური სალხინეთში" (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), „დღეს ღამე უთენებია" (1984), „ორომტრიალი" (1986), „ვალსი პეჩორაზე" (1992). ავტორია მონოგრაფიისა (1955 წ.) უოლტ უიტმენის შესახებ. ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, ტაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები.ლანა ღოღობერიძე 1928 წლის 13 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტი. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1988 წლიდან სტუდია ქართული ფილმის დირექტორი იყო. 1992 წელს ლანა ღოღობერიძე გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. 1999 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში. 2004 წელს საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მიღებული პრიზები: 1973 - საკავშირო კინოფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის „როცა აყვავდა ნუში"; 1979 - სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", 1979 - საკავშირო კინოფესტივალის პრემია საუკეთესო ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". 1980 - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". 1982 - კანის კინოფესტივალის მაყურებლის პრიზი, ფილმისთვის „დღეს ღამე უთენებია" 1984 - საკავშირო კინოფესტივალის ჟიურის სპციალური პრიზი ფილმისთვის „დღეს ღამე უთენებია". 1987 - ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის „ორომტრიალი".