პრემიერ-მინისტრის ფრაზა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში მაგრგველაშვილს ურჩევს, მონაწილეობა არ მიიღოს არჩევნებში, კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს ცუდ სამსახურს გაუწევს - ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ახლა ოპოზიცია ეცდება ყველა შემთხვევაში არჩევნები მეორე ტურამდე მიიყვანოს.
,,ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ფრაზა სიახლე იყო და რა მგონია, ის კარგად იყოს გათვლილი, რადგან მას თუ მყარი საფუძველი აქვს მთელი ოპოზიცია ეცდება მეორე ტურამდე მიიყვანოს პროცესები. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზა გიორგი მარგველაშვილს ცუდ სამსახურს გაუწევს. მარგველაშვილის კონკურენტები თუ დაასკვნიან, მეორე ტურის შემთხვევაში მათ კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატი როგორც კონკურენტი მოიხსნებათ, რა თქმა უნდა, მთელი რესურსები პოლიტიკური, თუ სხვა ტიპის ჩაიდება იმაში, რომ პირველსავე ტურში გიორგი მარგველაშვილმა საჭირო ხმები არ მიიღოს. ამიტომ, ვფიქრობ, მარგველაშვილის მხრიდან ივანიშვილის ფრაზაზე შეკამათება სწორი იქნება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
მისივე განცხადებით, არჩევნების წინ კონკრეტული ციფრების დასახელება არაპერსპექტიულია.
,,არჩევნების წინ გარკვეული ციფრების დასახელება არაპერსპექტიულია. არჩევნებშია გარკვეულწილად კამთლი გორავს, ნაწილობრივ ფარული პროცესები მიდის. კამათელში ვგულისხმობ იმას, რომ არჩევნების შედეგი გარკვეულწილად იღბალზეცაა დამოკიდებული და ა,შ. ამიტომ გარანტირებულად ამა თუ იმ ციფრის დასახელება ძნელია. ევროპელობაზე რომ გვაქვს პრეტენზია, ევროპაში 5-%-იანი უპირატესობით გამარჯვება უფრო ტიპიურია, ვიდრე 10-20%. ასე რომ, მარგველაშვილმა თუ 5%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა ეს სწორედ ევროპული უპირატესობა იქნება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
მისივე თქმით, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, რომ მონაწილეობა არ მიიღოს. როგორც პრემიერმა გაზეტებისა და რადიოსადგურების რედაქტორებთან შეხვედრისას განმარტა მისთვის ასევე შეურაცხმყოფელი იქნება თუ გიორგი მარგველაშვილი პირველსავე ტურში 60%-ზე ნაკლებ ხმების რაოდენობას მიიღებს.