,,მზად ვართ, ნებისმიერ დროს უშიშროების საბჭოს აპარატს ანგარიში წარვუდგინოთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს არ დასწრების თაობაზე იზიარებს.
"შიდა ქართლში განვითარებულ მოვლენებზე, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კოორდინაცია მთავრობის წევრებს. მიღებულია ყველა შესაძლო ზომა საგარეო პოლიტიკური, თავდაცვის, უსაფრთხოების, ასევე, დიპლომატიური მიმართულების, გარდა ამისა, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ცდილობს, იქ მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური პირობები შეუმსუბუქოს. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, ჯერ ერთი, გაგვიკვირდა, იმიტომ, რომ არის უშიშროების საბჭო, ჰყავს თავისი მდივანი და არსებობს მისი აპარატის ურთიერთობის აპრობირებული გზები და მეთოდები. გვერდი ავუარეთ ურთიერთობის ამ არსებულ მეთოდს, ასევე, ბოლო დღეებში და თვეებში ხდება ყველაფრის პოლიტიზება და ყველაფერი არის მათი მხრიდან თავდასხმის საგანი, ამიტომ აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია ჩვენი გადაწყვეტილება. სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს უშიშროების საბჭოს აპარატს წარვუდგინოთ ანგარიში ან მივავლინოთ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც საქმის კურსში ჩააყენებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის შეთავაზებას 12 ოქტომბერს მთავრობის სხდომის ჩატარების თაობაზე მთავრობამ უარით უპასუხა.