თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განაცხადებით, ვაზიანში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან ალასანიამ განმარტა შვიდ სამხედრო მოსამსახურეს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა.
,,შვიდი სამხედრო მოსამსახურეს შეუძლოდ იყო გარკვეული მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით. შესაბამისად სამხედრო პოლიცია, ,,ქართული კვების" წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ. დაწყებულია მოკვლევა, დაზუსტდება და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება", _განაცხადა ალასანიამ.
მისივე განმარტებით ივნისში თვეში დაფიქსირებულ მოწამვლასთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დასრულებულია და მიღებულია შესაბამისი ზომები.
,,11 ჯარისკაცს ივნისში ჰქონდა ინტოქსიკაცია, ასევე მსუბუქი და სამხედრო პოლიციამ დაასრულა მოკვლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს შემიძლია გითხრათ, რომ შესაბამისი ცვლილებები მოხდა როგორც გაერთიანებულ შტაბში, ასევე მთლიანად შეიცვალა ,,ქართული კვების" მენეჯმენტი. ასე რომ. ზომები მიღებულია", _აცხადებს ალასანია.
შეგახსენებთ, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედროები მოიწამლნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროების მოწამვლის მიზეზი საკვები გახდა, თუმცა ამ ინფორმაციას კომპანიაში, რომელსაც სამხედროების კვებით უზრუნველყოფა ევალება არ ადასტურებენ.