,,მოსამართლეების დანიშვნის ახალი წესი სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია", _განაცხადა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,, მოსამართლების უვადო დანიშვნამდე მათ სამი წლით დამტკიცებას რაც შეეხება ჩვენ ამაზე ღიად არაერთხელ გაგვიცხადებია და ახლაც კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს გახლავთ სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სამი წლით დანიშნული მოსამართლე ვერ იქნება ისეთ დამოუკიდებელი როგორიც უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც დაინიშნება უვადოდ", _გააცხადა ჟურნალისტებთან კოტე კუბლაშვილმა.
მისივე განმარტებით არ შეიძლება მოქმედმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების შეცდომები გაიმეოროს.
"დაუშვებელია, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომა, რომელმაც შემოიტანა შესაძლებლობა 3-ვადით მოსამართლეების დანიშვნისა. დაუშვებელია, ახალმა ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა ვალდებულებად გადააქციოს და თქვას, რომ დიახ, 3 წლით უნდა დაინიშნონ მოსამართლეები. დაუშვებელია, წინა ხელისუფლების ასეთ შეცდომას ახალმა ხელისუფლებამ ორჯერ მეტი შეცდომით უპასუხოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მსჯელობაში, რომელიც მონიტორინგის კრიტერიუმების განსაზღვრას შეეხება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე 3-წლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან, მათ მონიტორინგს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაუწევს.