"თუ ასე გააგრძელებს სამართალდამცავი სისტემა მუშაობას და მათი მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებით ზუსტი აქცენტები არ დაისვა, არ არის გამორიცხული, რომ დაახლოებით 5 - 6 წლის შემდეგ ჯერ მიიღონ ფარული კონსულტაციები მთავრობის დანიშვნის დროს და შემდგომში ნაწილობრივ მოგვევლინონ ხელისუფლებაში,"- ამის შესახებ ექსპერტმა კახა კახიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სპორტის სასახლეში ჩატარებულ ყრლობაზე გაჟღერებული ახალი ინიციატივების და სამომავლო გეგმების შეფასებისას ისაუბრა.
როგორც კახიშვილმა "ჯი-ეჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, პარტია გახმაურებულ დანაშაულებთან ასოცირებულ პირებს გაემიჯნა, წინა პლანზე ახალი სახეები წამოიწია და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწიენებით, არ არის გამორიცხული "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი ძალებით დაიწყოს ახალ მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება.
ამასთან, კახიშვილის თქმით, ახლა მიმდინარეობს ბრძოლა პარტიისთვის თვითონ პარტიის შიგნით, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებიდან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა - არის პარტიული ქონების მფლობელი და ამავდროულად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში დამნიშნავი სუბიექ ტია და საკმაოდ სოლიდური ქვოტა აქვს და ძალიან დიდ თანხას იღებს ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით.
"მოგეხსენებათ, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო გადაჯგუფება. ფაქტობრივად, პარტია რამდნიმე ადამიანს გაემიჯნა, თითქოსდა ვის სახელსაც უნდა დაუკავშირდეს ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში არსებული ხისტი პოლიტიკა. ეს ადამინები იყვნენ ადეიშვილი, ახალაიები და ბოლოს მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილს ბოლომდე არ გაემიჯნა "ნაცმოძრაობა", მაგრამ ახალაიების და ადეიშვილის შეთხვევაში გახსოვთ, რომ პრეზიდენტმაც არაერთხელ განაცხადა ინტერვიუებში, რომ ზოგიერთს მადა ჭამაში მოუვიდაო, თურმე ახალაის საერთოდ არ იცნობდა და ასე შემდეგ. ახლა ძირითადად წამოწიეს ის სახეები, რომელთა სახელებსაც არ უკავშირდებოდა ჩადენილი დანაშაულები და მიმდინარეობს ბრძოლა პარტიისთვის. იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებიდან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა, არის პარტიული ქონების მფლობელი და ამავდროულად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამნიშნავი სუბიექტია და საკმაოდ სოლიდური ქვოტა აქვს, ძალიან დიდ თანხას იღებს ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით, ამიტომაც რეალურად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ბრძოლა თვითონ პარტიის შიგნით მიდიოდა. საბოლოოდ ალბათ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩათვალეს, რომ ყველაზე საუკეთესო იქნებოდა თუ ბაქრაძე იქნებოდა მათი კანდიდატი და აირჩიეს ისეთი ყალბი პრაიმერით, როგორ ყალბ არჩევნებსაც ატარებდნენ 9 წლის განმავლობაში. როგორი ყალბი პრაიმერიც ჰქონდათ, როგორი ყალბი თითქოსდა საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა და თითქოსდა გადაწყვეტილებებს ისინი იღებდნენ, ისეთი ყალბები იყვნენ 9 წლის განმავლობაში და ასეთივე ყალბები დაბრუნდებიან იმ შემთხვევაში, თუ მართლმსაჯულების სისტემა აირჩევს დუმილს მათ მიმართ. იმიტომ, რომ დღეს ფაქტობრივად იმ 9 წლიანი დანაშაულების შესახებ, რომლებიც ჟურნალისტური გამოძიების და სხვადასხვა მასალებში იკვეთებოდა და რომლებიც შესულია პროკურატურაში, რეაგირება არის ნული. ამიტომაც, თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, რომ სხვა ყრილობაზე უფრო მეტი ხალხი იქნება და ასე შემდეგ,"- განაცხადა კახა კახიშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს აქვთ კარგი ტაქტიკა, რომ ტელეეთერებში და ყველა სხვა საკომუნიკაციო საშუალებაში მაქსიმალურად აქცენტირებენ იმაზე, რომ არ ილაპარაკონ მათი მმართველობის 9 წელზე, უაღრესად მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე კი, ნელ-ნელა მოქმედი ხელისუფლების შეცდომებზე გააკეთებენ ფოკუსირებას.
"ამბობენ - "კი ბატონო, რაც იყო,იყო, მოდით, დღევანდელზე ვისაუბროთო", ნელ-ნელა ამას დაამკვიდრებენ, უაღრესად მძიმე სოციალური ფონის პირობებში ნელ-ნელა მოქმედი ხელისუფლების შეცდომებზე გააკეთებენ ფოკუსირებას და ამ შემთხვევაში დაიწყებენ ხალხის ხმების მოპოვებას. რეალურად, ისეთი ადამიანები იქნებიან პირველ ფლანგზე წამოწეულები, რომლებიც მანამდე არ იყვნენ პირდაპირ ასოცირებულები მათი მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებთან და თუ ასე გააგრძელა სამართალდამცავმა სისტემამ არ იმუშავა, ასე გაგრძელდა და მათი მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებით ზუსტი აქცენტები არ დაისვა, არ არის გამორიცხული, რომ დაახლოებით 5 - 6 წლის შემდეგ ჯერ მიიღონ ფარული კონსულტაციები მთავრობის დანიშვნის დროს და შემდგომში ნაწილობრივ მოგვევლინონ ხელისუფლებაში. მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფ მომღიმარ ბაქრაძეს აუცილებლად მოყვებიან პოლიტიკაში ის ადამიანები, რომელთა მიმართაც დღესაც არის ასოციაცია არაადამიანურ მიდგომებთან,"- აღნიშნა კახიშვილმა.
კახიშვილი ასევე თვლის, რომ "ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" რეალურად არაფერი დაუკარგავს და 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში პროუკურატურა რაც უფრო მეტად აირჩევს დუმილის უფლებას, "ნაციონალურ მოძრაობას" მიმდინარე პრობლემებზე მეტად ფოკუსირების შესაძლებლობა მიეცემა და არსებულ ვითარებას მის სასარგებლოდ გამოიყენებს.
"იმ ტექნოლოგიების ცოდნით, რაც მათ ნამდვილად იციან, იმ თანხების გამოყენებით, რაც მათ ნამდვილად აქვთ, იმ ლობისტების დახმარებით, რომლებიც მათ ნამდვილად მხარს უჭერენ, იმ პოპულისტი პოლიტიკოსების დახმარებით, რომელთა ენასაც ძვალი არ აქვს, ნამდვილად შეძლებენ მოახდინონ ფოკუსირება იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს არის. შეეცდებიან ხალხს დაავიწყონ, რომ ამ პრობლემების სათავეში თვითონ იდგნენ და ნელ-ნელა იმ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ამ ადამიანების გულის მოგებას სოციალურ პრობლემებზე დაყრდნობით დაიწყებენ,"- აღნიშნა მან.
კახა კახიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიული დროშის შეცვლის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დროშაზე გულებთან ერთად კოცნებიც რომ ეხატოს, არსებითად გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ იქონიებს".
"რაც შეეხება დროშას, სულ რომ ამ დროშაზე გულებთან ერთად კოცნებიც ეხატოს, ძალიან კარგად ვიცით მათი გულის ფასი. ალბათ გულები და კოცნები იმიტომ უნდათ, რომ ერთმანეთი უყვართ და ხალხის მიმართ ეს გული და კოცნა არ ჰქონიათ გამოხატული,"- განმარტა კახიშვილმა.