"პარტიას რა თქმა უნდა ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, ალბათ არჩევნების შოკიდან გამოვა საზოგადოება და კიდევ უფრო მეტი გამოჩნდება,"- ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გუშინ სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებული ყრილობის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც შარაშენიძემ "ჯი-იჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "ნაცმოძრაობის" ახალი პოლიტიკური მომავლის განსაზღვრა დამოკიდბულია იმაზე, თუ რამდენად რეალურად განხორციელდება გუშინ გაჟღერებული სიახლეები და არ დარჩება მხოლოდ განცხადებების დონეზე.
"განახლების პოტენციალი რა თქმა უნდა არის, მაგრამ სურვილი თუ არის რომ განახლდნენ და თუ აცნობიერებს ამას თვითონ სააკაშვილი, ესაა მთავრი. მაგრამ თუ ეს განახლების სურვილი მხოლოდ განცხადებების დონეზე იქნება და რეალურად არაფერი შეიცვლება, არ შეიცვლება დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ, მაშინ გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა და მხოლოდ იმის იმედზე უნდა იყვნენ, რომ "ოცნება" ვერ შეასრულებს დანაპირებებს და ხალხი ალტერნატივების ძებნა დაიწყებს და ამ ალტერნატივას "ნაციონალურ მოძრაობაში" იპოვის. მაგრამ არ მგონია მხოლოდ ასე მარტივად იყოს საქმე. ყველა ვარიანტში სერიოზული განახლება დასჭირდება ამ პარტიას. პარტიას რა თქმა უნდა ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, ალბათ არჩევნების შოკიდან გამოვა საზოგადოება და კიდევ უფრო მეტი გამოჩნდება. საკმაოდ ბევრია მხარდამჭრები, თუნდაც მოსახლეობის 15% აავსებს ბევრ სპორტის სასახლეს. თუ მართლა გაიაზრებენ შეცდომებს და მიხვდებიან, რომ აუცილებელია განახლება და ეს მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩება, ალბათ აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი. და თუ გააგრძელეს განცხადებები - "რაღაც შეგვეშალა, მაგრამ მაინც მაგრები ვართო", ალბათ, ვერა,"- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.