ჩვენ ხშირად არ ვიცით და გვავიწყდება ჩვენი ისტორია და ამიტომ ვეგებით ერთი და იგივე ისტორიაში,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
"გახსოვთ, კახელების აღმა ხნულით ქართლელებმა დაბლა ფარცხესო? დაახლოებით ამ ისტორიაში ვართ. ჩვენს ჯინაზე ბევრი მშენებლობა შეჩერდა და ვიღაცეებს იჭერენ. ახლა რა უნდა ვქნათ?! შემდეგი მთავრობა რომ მოვა, ჩვენი მთავრობა, ჩვენ დავიჭიროთ ყველა?! რა თქმა უნდა - არა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მუდმივად ანადგურებდა შურისძიების ციკლი, ერთი მოვიდოდა, მეორეს გაანადგურებდა, მეორე მოვიდოდა, პირველს თავს მოაჭრიდა, მერე ყველას ციხეში ჩაყრიდა. ეს ბოლო ათასწლეულები გრძელდება, ეს ხომ არ დაწყებულა გუშინ?! ვთქვით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს შურისძიების ციკლი უნდა დავამთავროთ და ვთქვათ, რომ მომავალში არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არავინ დაიჭერს, არავის პოლიტიკური ნიშნით სამსახურდან არ გააგდებს და დღესვე დავაფიქსიროთ ეს კანონის, წესების და შეთანხმებების დონეზე,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელი ყრილობა და პარტიაში დანერგილი სიახლეებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდი, რომლემაც შექმნა იდეა, სხვადასხვა დემოკრატიული კონფიგურაციით გამოიცვლება და ბევრად უფრო გაჯანსაღდება.
"მე ვფიქრობ, საქართველოს პროგრესს წინ ვერაფერი დაუდგება და სხვადასხვა კონფიგურაციით, ბევრად უფრო დემოკრატიული ფორმით ის გუნდი, რომელმაც შექმნა იდეა, ძალიან გამოიცვლება და ამის ყველა სიმპტომი სახეზეა. ეს აღმშენებლობის ეპოქა ვერსად ვერ გაქრება და ვერად ვერ ჩაირეცხება და გაუჩინარდება და ვერ მიიჯირყვნება,"- აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი შეჩერებული მშენებლობების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ "დაწყებული აღმშენებლობის იდეას ვერაფერი გააჩერებს და ეს იდეა თავის არსებობას გააგრძელებს ახალი სახით, ახალი ახალგაზრდობის ჩართვით, ბევრად უფრო დემოკრატიული ფორმით გააგრძელებს"
"ეს ეპოქა აგერ არის. მართალია შეჩერებულია რაღაცეების მშენებლობები, მაგრამ ამას ვეღარაფერი ვეღარ გააჩერებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს აღმშენებლობის იდეა თავის არსებობას გააგრძელებს ახალი ფორმით, ახალი ახალგაზრდობის ჩართვით, ბევრად უფრო დემოკრატიული ფორმით იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ა მხრივ იყო ბევრი გადახრები. ახალი, თანამედროვე ეპოქის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც მოქალაქე იქნება ყველაზე მთავარი, როცა ბიზნესი უნდა იყო ხელშეუხებელი, როცა ადამიანის პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, ერთადერთი, რამაც შეიძლება ამას ხელი შეუშალოს, მე ვფიქრობ, რომ იქნება ის, რომ ჩვენ უბრალოდ ჩავეჭიდოთ მხოლოდ წარსულს და არ ვიფიქროთ მომავალზე,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.