საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე სოფლებში - ხურვალეთში, დიცსა და დვანში არსებულ მდგომარეობას ჰუმანიტარულ დრამად აფასებს.
დიმიტროვის თქმით, ევროკავშირი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებული საკითხები ყველგან წინა პლანზე იყოს წამოწეული.
"ძალიან მტკივნეულია, როდესაც ამ ყველაფერს ნახავ. ადგილობრივების ცხოვრების ნორმალური რიტმი დარღვეულია. მათ არ შეუძლიათ ნათესავების მონახულება, საკუთარ მინდვრებში შესვლა. ეს არის ჰუმანირტარული დრამა. ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება ამ საკითხზე და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს პრობლემა ყველგან წინა პლანზე იყოს წამოწეული,"- განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში - ხურვალეთში, დიცსა და დვანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან ერთად იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
დიპლომატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი ძირითადი პრობლემების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ ასევე კიდევ ერთხელ გასუსვეს ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და ადგილზე არსებული მავთულხლართების და ე.წ. სასაზღვრო ღობეების დემონტაჟის აუცილებლობაზე ისაუბრეს.