"ციხეში არსებული პრობლემები ყველაზე მწარე გაკვეთილი იყო და იქ არსებული სიტუაცია დღესაც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
"ციხეში არსებული პრობლემები იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მწვავე პრობლემა წინა წლების განმავლობაში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ წინა წლებიდან და ვწუხვარ, რომ დღესაც ციხეებში არსებული სიტუაცია არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ამიტომ, მე ვფიქრობ ეს ის თემაა, სადაც ერთმანეთზე გადაბრალების და ნიშნისმოგების მაგივრად უნდა გავიაზროთ, რომ ყველამ ერთად გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ციხეში არსებული პრობლემები მოისპოს,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.